პროექტი გულისხმობს, ღვინის ტურიზმის ობიექტებისთვის საგზაო მანიშნებლების მონტაჟსა და ასევე, მათ შესახებ ინფორმაციის განთავსებას პროექტის თანმდევ ბეჭდვით რუკებსა და ბროშურებში, ასევე ვებ-გვერდზე.
პროექტის ბიუჯეტი დამოკიდებულია ობიექტებიდან შემოსული განაცხადების და კონკრეტული ობიექტისთვის დასამონტაჟებელი საგზაო მანიშნებლის რაოდენობაზე.
ღვინის მწარმოებლები, რომლებიც დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით სთავაზობენ გარკვეულ ღვინოსთან დაკავშირებულ ტურისტული სერვისებს:
პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელ რეგიონები
1. ობიექტი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1.1. წარმოადგენს საოჯახო მარანს;
1.1.2. წარმოადგენს მარანს;
1.1.3. წარმოადგენს ღვინის საწარმოს.
1.2. ამ წესის 1 პუნქტით განსაზღვრული ობიექტი, შემოსავლის მიღების მიზნით, სავალდებულოა, რომ სტუმარს სთავაზობდეს ღვინოსთან დაკავშირებულ რამდენიმე მომსახურებას, ამასთან, ამ პროექტის მიზნებისთვის, არ განიხილება ობიექტი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ბარი, რესტორანი ან განთავსების ობიექტი.
2. სავალდებულოა, ობიექტს გააჩნდეს მეწარმეთა რეესტრში აქტიური რეგისტრაცია.
3. სავალდებულოა, რომ ობიექტს მიმდებარედ ან იმავე გეოგრაფიულ არეალში (მიკრო ზონაში, მუნიციპალიტეტში, რეგიონში) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გააჩნდეს ვენახები და აწარმოებდეს ობიექტის მდებარეობიდან გამომდინარე მიკრო-ზონის ღვინოს. ამასთანავე, სავალდებულოა, რომ ღვინის დაწურვა/წარმოება ხდებოდეს ადგილზე.
4. სავალდებულოა, რომ ობიექტი ფუნქციონირებდეს მთელი წლის განმავლობაში, ყველა სეზონზე.
5. სავალდებულოა, რომ ობიექტი აწარმოებდეს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობისთვის საჭირო რაოდენობის ღვინოს (თუ ობიექტი ერთჯერადად მასპინძლობს მაქსიმუმ 10 სტუმარს, წარმოებული ღვინის რაოდენობა საშუალოდ, საჭიროა, რომ შეესაბამებოდეს მათ მიერ მოხმარებული ღვინის რაოდენობას. მაგ: თუ 10 სტუმარი ერთი დეგუსტაციის ფარგლებში მოიხმარს საშუალოდ 2.5 ლიტრ ღვინოს, 182 დღე გამასპინძლების შემთხვევაში, ღვინის რაოდენობა შეადგენს 2.5 (ღვინის რაოდენობა)X182(დღეების რაოდენობა)=455 ლიტრს).
6. სავალდებულოა, რომ ობიექტს გააჩნდეს სტუმრის მისაღებად მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ინფრასტრუქტურა - ეზო/კარ-მიდამო, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე და ჰიგიენური სანიტარული კვანძები (სანიტარული კვანძი არ უნდა იყოს განთავსებული მარნის სივრცეში ან მის სიახლოვეს და უნდა მდებარეობდეს მისგან მოშორებით, ასევე, ობიექტს უნდა გააჩნდეს მხოლოდ სტუმრისთვის განკუთვნილი სანიტარული კვანძი (და არა ოჯახის საექსპლუატაციო სანიტარული კვანძი)).
7. სავალდებულოა, რომ ობიექტი სტუმრებს სთავაზობდეს ღვინის დეგუსტაციასა და ღვინისა და კერძის შეხამების (food and wine pairing) მომსახურებას.
8. სავალდებულოა, რომ ობიექტი აღჭურვილი იყოს შესაბამისი ღვინის საწარმოო ჭურჭლით (ღვინის შენახვა არ უნდა ხდებოდეს პლასტმასის ბიდონებში, რომელიც არ არის განკუთვნილი ღვინის შესანახად, ასევე, სავალდებულოა, რომ მარანში არ ხდებოდეს პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება, მაგალითად, პლასტმასის დიდი ზომის ჭიქით ქვევრიდან ღვინის ამოღება და ა.შ.)
9. სავალდებულოა, რომ ობიექტზე სტუმრების გამასპინძლებისთვის განკუთვნილი იყოს ღვინისთვის შესაბამისი ჭურჭლეული (მაგ: მინის ან თიხის დოქი, დეკანტერი, თიხის ან მინის სასმისები, ქვევრის შემთხვევაში ღვინის ამოსაღები ორშიმო, ხაპი, ორხელი ან სხვა.)
10. სავალდებულოა, რომ პროექტში ჩართვამდე ობიექტის ინფრასტრუქტურა იყოს დასრულებული და უკვე მასპინძლობდეს სტუმრებს.
11. სავალდებულოა, რომ ღვინის გზაში პროექტში ჩართვის მიზნით, დასახელებაში მარნის/საოჯახო მარნის ქონისას, ინგლისურ ვერსიაშიც გამოყენებული იქნას სიტყვა მარანი შემდეგი სახით - „MARANI“.
12. სავალდებულოა, რომ კვების მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში, ობიექტს გააჩნდეს მენიუ, ასევე შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სურსათის უვნებლობის სერტიფიკატი.
13. სავალდებულოა, რომ კახეთის რეგიონში მდებარე ობიექტი რეგულარულად მონაწილეობდეს ღვინის ფესტივალებსა და კონკურსებში და გააჩნდეს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები/მოწმობები.
14. იმერეთის მარნების შემთხვევაში, სავალდებულოა, რომ ობიექტს ღვინის გზის პროექტში ჩართვის რეკომენდაციას აძლევდეს DMO იმერეთის მიერ დაფუძნებული „იმერული ღვინის ასოციაცია“.
ობიექტების შესარჩევი დამატებითი კრიტერიუმები:
1. მიზანშეწონილია, რომ ობიექტს, ღვინის დეგუსტაციის გარდა, გააჩნდეს დამატებით შეთავაზებები, როგრიც არის რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების მასტერკლასები, სეზონზე რთველში მონაწილეობა და ა.შ.
2. პროექტში ჩასართავად უპირატესობა ენიჭება იმ ობიექტს, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ღვინის ფესტივალებსა და კონკურსებში და გააჩნია აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები/მოწმობები (აღნიშნული პირობა სავალდებულოა კახეთის რეგიონში მდებარე ობიექტებისათვის).
განაცხადების მიღება ხდება მუდმივ რეჟიმში, აგვისტომდე შემოსული განაცხადები პროექტის პირველ ეტაპში გათვალისწინებული იქნება იმავე წელს, სამონტაჟო სამუშაოები კი განხორციელდება მომდევნო წელს.